საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეხმიანება თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმედ დაბარებული პირის მიერ საკუთარი თავის მამხილებელი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების და ამავე საფუძვლით მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გამოყენების ფაქტს.
აღნიშნული ფაქტის შესახებ ასოციაციისთავის ცნობილი გახდა ადვოკატ ზაზა პაპიძის მიერ წარმოდგენილი განცხადებით და დანდართული მასალებით. ადვოკატთა ასოციაცია ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმეს გააჩნია კონსტიტუციით და კანონით განმტკიცებული უფლება - არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით აღიარებულია, რომ “არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით“. შესაბამისად, მოწმის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და მისთვის პატიმრობის შეფარდება იმის გამო, რომ ის არ აძლევს ჩვენებას საკუთარი თავის წინააღმდეგ წარმოადგენს საშიშ ტენდენციას და შეუთავსებულია ადამიანის საპროცესო უფლებების გარანტირებულად დაცვასთან დემოკრატიულ საზოგადოებაში.
შესაბამისად, პირის გარანტირებული საპროცესო უფლების დაცვა წარმოადგენს ისეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ სიკეთეს, რომლის იმგვარად შელახვა, რომ პირმა დაკითხვისას გაამჟღავნოს თავისივე საწინააღმდეგო ინფორმაცია, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შიშით, დაუშვებელია და ამ გზით სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბება ეწინააღმდეგება ხარისხიანი მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებს. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ორიენტირებულია, პირველ რიგში, ადამიანის უფლებათა დაცვაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ კერძო და საჯარო ინტერესების კონკურენციისას, ყოველთვის, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კერძო ინტერესებს.
სასამართლოს მიერ ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება ადვოკატის მიერ გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში და ვიტოვებთ იმედს, რომ სააპელაციო სასამართლო აღნიშნულზე სწორ პრაქტიკას დაამკვიდრებს.